მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.
ცვლილებები საპროცედურო კომიტეტის ხელმძღვანელობამ, ირაკლი ქადაგიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
ცვლილებების მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ დეპუტატს უფლება ექნება, გაწევრიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ მან დატოვა საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტიის წევრობა.
პროექტით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ დეპუტატს უფლება ექნება, გაწევრიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის/საარჩევნო ბლოკების მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ იგი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ როგორც უპარტიო კანდიდატი იყო წარდგენილი.
ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხებიც. კერძოდ, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ 4 წევრს შეეძლება, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ პოლიტიკურ ჯგუფს შეეძლება, იმავე უფლებებით ისარგებლოს, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებების.
დღეს მოქმედი რეგლამენტით, ფრაქციის შექმნისთვის საჭიროა შვიდი დეპუტატის არსებობა. ასევე, პარლამენტში შესული ერთი პარტიის წევრები მხოლოდ ერთ ფრაქციაში წევრიანდებიან.