მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შესაძლოა, მამუკა მდინარაძე გახდეს
მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შესაძლოა, მამუკა მდინარაძე გახდეს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება, მას შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობის შეთავსებაც მოუწიოს, რადგან ახალი რეგლამენტით, უმრავლესობის ლიდერის პოსტი ფორმალური ხასიათისაა.
მამუკა მდინარაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მეცხრე მოწვევის პარლამენტში იყო, თუმცა 2019 წლის 14 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის და უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლის შემდეგ, მან უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავა.
რაც შეეხება ფრაქციების დაკომპლექტებას, ახალი რეგლამენტის თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საჭირო იქნება არანაკლებ შვიდი დეპუტატისა.
ამასთან, ერთი პოლიტიკური პარტიის ან/და ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნა ექვს დეპუტატს შეეძლო და ასევე, შესაძლებელი იყო, ერთი პარტიის წევრებს რამდენიმე ფრაქცია შეექმნათ.