მეათე მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნა საარჩევნო ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიას კონკრეტული პირობის გათვალისწინებით შეეძლება
2020 წლის, მეათე მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნა საარჩევნო ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიას კონკრეტული პირობის გათვალისწინებით შეეძლება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.
როგორც კანონპროექტში არის აღნიშნული, იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლამდე გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ საარჩევნო ბლოკებსაც, ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიას დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნის უფლება ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრად შესაბამისი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში მისი ამ პარტიის წევრად მითითებული შვიდი წევრი მაინც იქნება არჩეული.
ამასთან, ცვლილებებით, კონსტიტუციური ჩანაწერის შესაბამისად დგინდება, რომ ფრაქციის შექმნის უფლება ექვსი დეპუტატის ნაცვლად, შვიდს ექნება.
რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები ინიცირებისთვის პირველ ივნისის ბიუროს სხდომას წარედგინება.