მეათე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 2 თებერვალს განაახლებს
საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიას 2 თებერვალს გახსნის. ამ დროისთვის პარლამენტი საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფარგლებში წარმართავს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
რაც შეეხება საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგს, მარტიდან პარლამენტში დაიწყება სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან წლიური ანგარიშების წარდგენა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სახალხო დამცველის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის.
ასევე, გათვალისწინებულია მარტსა და მაისში ინტერპელაციის გამართვა, რაც პროცედურით გულისხმობს თანამდებობის პირების საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას.
ამასთან, საგაზაფხულო სესიიდან განახლდება მინისტრის საათის ფორმატი, რომელიც უწყებაში მინისტრების წარდგომას ითვალისწინებს.