მე-18 დაწესებულების მთავარი ექიმი - მიხეილ სააკაშვილს უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მანანა ელეფტეროვას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა და იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის რვა ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება. უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან, თითქოსდა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია, და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება“, – აცხადებს მთავარი ექიმი მანანა ელეფტეროვა, რომლის კომენტარსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
ამასთან, მანანა ელეფტეროვა აღნიშნავს, რომ როგორც ექიმი, თხოვნით მიმართავს კოლეგებს, პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სიტუაციის დრამატიზებისგან თავი შეიკავონ.