მე-18 დაწესებულების ექიმი - სააკაშვილის მდგომარეობა არის მუდმივი კონტროლის ქვეშ, მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი, შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები ნორმის ფარგლებშია, – ამის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიული განყოფილების ექიმმა, სანდრო მათეშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პაციენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მე-18 სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
„გუშინ დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფი. მათი თანდასწრებით მოხდა პაციენტის სამედიცინო ბარათის შესწავლა, ასევე, წარმოდგენილი იყო უახლესი ლაბორატორიული მონაცემები. ვინაიდან პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას“, – აღნიშნა ექიმმა.
მისივე თქმით, დღეისათვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას.
„მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიც არის პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე, ნორმის ფარგლებშია. პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა არის მუდმივი კონტროლის ქვეშ. დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, მინდა განვმარტო, რომ მე-18 დაწესებულებაში მუდმივად მიმდინარეობს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა და მათი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია. სხვადასხვა პერიოდში, 2019 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დაფიქსირდა შიმშილობის 2 237 ფაქტი. ამ პაციენტების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა შიმშილობა და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია მათ გაიარეს სასჯელის მოხდის ადგილზე. ნაწილი, რომელთაც დაუფიქსირდათ შიმშილობის შემდგომი ეფექტები, საჭიროდ ჩაითვალა და გადმოყვანილ იქნა მე-18 დაწესებულებაში, სადაც მათ ჩაუტარდათ შემდგომი რეაბილიტაცია“, – განაცხადა ექიმმა.
მისივე თქმით, მე-18 დაწესებულებას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება მოშიმშილე პაციენტების მართვის და ასევე, მათი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის.
„მინდა, დავაზუსტო ერთი დეტალი, რომელიც გაჟღერდა ექიმ გიორგი გრიგოლიას განცხადებაში, რომ დაწესებულებაში პერსონალი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან. მინდა დავაზუსტო, რომ ეს პერსონალი ჩვენთან მუშაობს სახელშეკრულებო საფუძველზე და არიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სერტიფიცირებული, კვალიფიციური პერსონალი, რათა მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა. ასევე, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს დასჭირდება“, – განაცხადა ექიმმა.