მე-18 დაწესებულების ექიმი - ჩვენს დაწესებულებას მოშიმშილე პაციენტების მართვის, ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს
მე-18 დაწესებულების ექიმი - ჩვენს დაწესებულებას მოშიმშილე პაციენტების მართვის, ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს

მე-18 დაწესებულებას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება მოშიმშილე პაციენტების მართვის და ასევე, მათი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის, – ამის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიული განყოფილების ექიმმა, სანდრო მათეშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2019 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დაფიქსირდა შიმშილობის 2 237 ფაქტი, ამ პაციენტების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა შიმშილობა და მათ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია გაიარეს სასჯელის მოხდის ადგილზე. ნაწილი, რომელთაც დაუფიქსირდათ შიმშილობის შემდგომი ეფექტები, გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდათ შემდგომი რეაბილიტაცია.

„მინდა, დავაზუსტო ერთი დეტალი, რომელიც გაჟღერდა ექიმ გიორგი გრიგოლიას განცხადებაში, რომ დაწესებულებაში პერსონალი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან. მინდა დავაზუსტო, რომ ეს პერსონალი ჩვენთან მუშაობს სახელშეკრულებო საფუძველზე და არიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. მინდა, განვმარტო, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, და სერტიფიცირებული, კვალიფიციური პერსონალი, რათა მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა, ასევე, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია, იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს დასჭირდება“, – განაცხადა ექიმმა.

ამასთან, ექიმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა. დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.