მე-17 და მე-18 საუკუნეების სამ ისტორიულ დოკუმენტს რესტავრაცია ჩაუტარდება
მე-17 და მე-18 საუკუნეების სამ ისტორიულ დოკუმენტს რესტავრაცია ჩაუტარდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ ისტორიულ საბუთებს რესტავრაცია/კონსერვაცია ჩაუტარდება. მე-17 და მე-18 საუკუნის სამი ისტორიული დოკუმენტი გასული საუკუნის 60-იან წლებშია რესტავრირებული.

ბოლო წლებში დოკუმენტების რესტავრაციის, მასალისა და მეთოდების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების შემდეგ, რესტავრატორებმა საბუთების ხელახალი კონსერვაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

დოკუმენტები, რომელსაც უახლოეს პერიოდში რესტავრაცია/კონსერვაცია ჩაუტარდება, შემდეგია:

  • საგარეჯოს შემოსავლის ნახევრის შეწირულების განახლების წიგნი თეიმურაზ I-ისა დავით გარეჯის მონასტრისადმი. ახლავს ხელრთვები: ,,მეფე თეიმურაზ“, ,,ხვარაშან“, ,,დავით“. 1639 წელი;
  • ხორხელში მდებარე ყმა-მამულის და სამოსახლო ადგილის წყალობის წიგნი ერეკლე I-ისა წმინდა გიორგის დეკანოზ ოთარ თურქისტანიშვილისადმი. დამწერი მდივანი ქაიხოსრი. ახლავს ხელრთვა,,ერეკლე“. 1680 წელი;
  • ქისტაურში ჩასახლებული ყმების წყალობის წიგნი გიორგი XII-ისა თავის ნათლულ ეშიკაღასბაშ ალექსანდრე მაყაშვილისადმი. თავში ახლავს ფერადი ხვეული თხზული ხელით შესრულებული ტექსტი. 1798 წლის 2 ივნისი.

ეროვნული არქივის რესტავრატორები პირველ ეტაპზე საბუთებს გაწმენდენ, მოხსნიან ძველ სარესტავრაციო მასალას, გაამაგრებენ ტექსტს და საბუთების კიდეებს შეავსებენ სარესტავრაციო ქაღალდით. ეროვნულ არქივში მე-11- მე-18 საუკუნეების 10 000-მდე ისტორიული საბუთის დედანი ინახება. როგორც ეროვნულ არქივში აცხადებენ, დოკუმენტების მდგომარეობა პერიოდულად მოწმდება და საჭიროების შემთხვევაში სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება.