არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულება შესაძლოა დაიხუროს და არასრულწლოვნებისთვის მიკროციხეები შეიქმნას
არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულება შესაძლოა დაიხუროს და არასრულწლოვნებისთვის მიკროციხეები შეიქმნას

იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა მე-11  სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

მისი განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება მეტ-ნაკლებად წარმატებულია, თუმცა სურვილია, სისტემა წავიდეს იმისკენ, რომ ბავშვები, რომლებიც ოცნებობენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან თუნდაც ჰარვარდში სწავლაზე, არ იხდიდნენ სასჯელს მათთან ერთად, რომლებსაც საპირისპირო ოცნება აქვთ. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი იქნება არასრულწლოვნებში დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისითაც.

„ჩვენ ვფიქრობთ, დავხუროთ N11, არასრულწლოვანთა დაწესებულება, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებულია. მასში 25 ბავშვია. გვინდა, წავიდეთ იმ სისტემისკენ, სადაც ბავშვები, რომლებსაც მოუვიდათ შეცდომა ცხოვრების გზაზე, მაგრამ ოცნებობენ, ისწავლონ თსუ-ში, თუნდაც ჰარვარდში, არ იხდიდნენ სასჯელს მათთან ერთად, ვისაც საპირისპირო ოცნებები აქვს და სხვა სამყაროში ხედავს საკუთარ კარიერას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა არასრულწლოვანი პატიმრების სეგმენტში ჩვენ შეძვლოთ ორგანიზებულ დაშაულთან წარმატებით ბრძოლა“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას.

ამასთან, მინისტრის თქმით, სხვანაირი მიდგომა იქნება მათთან, ვინც ოცნებობს, გახდეს კრიმინალური ავტორიტეტი, რადგან მათთან სხვანაირი მუშაობაა საჭირო.

ანგარიშის წარდგენას მთავრობის წევრები, ასევე მსჯავრდებულებიც ესწრებოდნენ.