მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IAAF) სპორტსმენების ოფიციალური მსოფლიო რეიტინგ-სისტემის შექმნის შესახებ განცხადება გაავრცელა. ახალი სისტემა ერთგვარი საკვალიფიკაციო მექანიზმი იქნება.
“მძლეოსნობის ისტორიაში პირველად ეროვნული შეჯიბრებებით დაწყებული და ყველაზე მასშტაბური ტურნირებით დამთავრებული ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნება სპორტსმენთა იერარქიის შესახებ” – განაცხადა IAAF-ის პრეზიდენტმა სებასტიან კოემ და დასძინა, რომ ეს სისტემა მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების ჩათვლით კონკურენციის გლობალურ სისტემას განაპირობებს.
რეიტინგები დაეფუძნება სხვადასხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებში დაგროვილ ქულებს, რომელთა განაწილების სისტემაზე და სპორტსმენების შერჩევის ფორმატზე დეტალური ინფორმაცია ასევე 2018 წელს გამოქვეყნდება.
ახალი რეიტინგ-სისტემის შესაქმნელად IAAF-მა ხელშეკრულება გააფორმა უნგრულ კომპანია Elite Ltd -სთან, რომელსაც ეკუთვნის მძლეოსნობის სტატისტიკისა და შედეგების ბაზის ყველაზე დიდი საიტი All Athletics.
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ასევე გამოაცხადა ახალი დეპარტამენტის – „IAAF-ის მემკვიდრეობის“ შექმნის შესახებ. ეს დეპარტამენტი თავს მოუყრის ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან ისტორიულ, სტატისტიკურ, ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალას.