მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აგრძელებს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.
პირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს – POLICE.GE დაემატა ინოვაციური სერვისი – ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია. ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით“, – აცხადებენ შსს-ში.
კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – police.ge, ე.წ. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით – 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა.