მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში, თავდაცვის ძალების შტაბ-ბინასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა
მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში, თავდაცვის ძალების შტაბ-ბინასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო აქციით, მათ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმისა და მოქალაქეების მძევლად აყვანის მე-400 დღე აღნიშნეს.
დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, „ჰამასთან“ მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმებას მიაღწიოს.
თელ ავივში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის ელჩი შტეფენ ზაიბრტი. მან ივრითზე ისაუბრა და თქვა, რომ ზოგიერთი ისრაელელი პოლიტიკოსისთვის მძევლების გათავისუფლება ომის ერთ-ერთი მიზანია და, აშკარად, მთავარი – არა. მისი თქმით, მძევლებს შორის არიან გერმანიის მოქალაქეები ან გერმანიის მოქალაქეთა ნათესავები.
მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები ასევე გაიმართა იერუსალიმსა და ბეერშევაში.
ამ დროისთვის „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული 251 მძევლიდან ღაზაში, სავარაუდოდ, 97 რჩება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათგან, სულ მცირე, 34 გარდაცვლილია.