მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს 15-15, ხოლო კიდევ ორ წევრს 14 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ბრალდებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი – მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ნასამართლევმა მ.ე.-მ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ნასამართლევმა და ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.მ.-მ, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა თ.კ.-მ, გ.ჩ.-მ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა ა.დ.-სგან დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მისაღებად, 2018 წლის 11 ოქტომბერს, მისი შვილი – გ.დ., მძევლად ჩაგდების მიზნით, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, მუხიანის დასახლებაში სპეციალურად ნაქირავებ ბინაში, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აღუკვეთეს თავისუფლება. მოგვიანებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მძევლად აყვანილი გ.დ. წინასწარ სპეციალურად ნაქირავები „ტოიოტას“ მარკის „ვიტსის“ მოდელის ავტომანქანით, იძულებით გადაიყვანეს წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში მდებარე სახლში, სადაც ხელბორკილით დააბეს საწოლზე, აუკრძალეს გარე სამყაროსთან კონტაქტი და არ მისცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის შემდეგ ორგანიზებული ჯგუფის წევრები გატაცებულის მამას – ა.დ.-ს დაუკავშირდნენ და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვეს 3 000 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გ.დ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული დანაშაული 2018 წლის 18 ოქტომბერს აღკვეთეს, მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დააკავეს და მძევლად აყვანილი გ.დ. გაათავისუფლეს.
მ.ე.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, „ვ“, „ი“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება არაერთგზის, ანგარებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო თ.კ.-ს, მ.მ.-ს და გ.ჩ.-ს 144-ე მუხლის II ნაწილის „ვ“, „ი“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება ანგარებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ. ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ე.-ს და თ.კ.-ს 15-15 წლით, მ.მ.-ს – 14 წლით, ხოლო გ.ჩ.-ს – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.