მდინარე რიონის ხეობის მცხოვრებლები ტვიშიჰესის და ნამახვანჰესის მშენებლობა აპროტესტებენ
მდინარე რიონის ხეობის მცხოვრებლები ტვიშიჰესის და ნამახვანჰესის მშენებლობა აპროტესტებენ

მდინარე რიონის ხეობის მცხოვრებლებმა ცაგერის სოფელ ტვიშში დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და ტვიშიჰესის და ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს.

ადგილობრივების განცხადებით, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების 16 სოფელს წყლით დაფარვა ემუქრება. მოსახლეობა ამბობს, რომ პროექტის განხორციელება სოფლებში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, ასევე განადგურდება უნიკალური ყურძნის ჯიში – ლეჩხუმური ცოლიკაური, რომელიც ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყაროა. მათივე თქმით, წყლით დაიფარება ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორია.

„გარემოზე ზემოქმედების გეგმის გარეშე დაგეგმეს პროექტის განხორციელება. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. დადიან და ცდილობენ, ფულით დაითანხმონ მოსახლეობა. წყლით დაიფარება ხვამლის მთის ტერიტორია, ხოლო მთა დროთა განმავლობაში განადგურდება. მთის ძირში უცნობი კარსტული მღვიმეა, რომელიც არავის შეუსწავლია და ისიც წყლის ქვეშ რჩება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჰესების მშენებლობას არ დავუშვებთ“, – აცხადებს მოსახლეობა.

პროექტის მიხედვით, ჰესების მშენებლობაში 750 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო მშენებლობა 2019 წელს დაიწყება. ამ დროისთვის, კომპანია Clean Energy Group Georgia-ს სოფელ ტვიშში საინფორმაციო ცენტრი აქვს განთავსებული, თუმცა კომპანიის თანამშრომლები სოფელში არ გამოჩენილან. თავად კომპანიაში მოსახლეობის აქციაზე კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ.