მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია, სტიქიის ადგილზე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს
მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია, – ამის შესახებ პირველ არხს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.
მისი თქმით, მდინარე ხშირად იცვლის კალაპოტს და სოფლებში გზის სავალ ნაწილზე გადმოდის.
როგორც მინისტრი აცხადებს, ჭუბერის ერთ ნაწილში, სადაც შესაძლოა, საფრთხე შეიქმნას, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება ხდება.
„ამ წუთებშიც მძიმე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს სოფელ ჭუბერის ერთ ნაწილში, სადაც მდინარის წყალმა შესაძლოა, საშიშროება შექმნას. ვითარება კვლავ რთულია. მდინარის დონე ჯერ არ იკლებს, ვინაიდან წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, დანგრეულია ოთხი სახლი, დამხმარე ნაგებობები და სათავსოები, ასევე საფრთხის წინაშეა კიდევ შვიდი საცხოვრებელი სახლი.
სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჭუბერში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მოსახლეობის საჭიროებების შესახებ მიიღებს ინფორმაციას.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.