მდგრადი განვითარების მიზნების საბჭომ საქართველოს წარმატებები და გამოწვევები განიხილა
მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ეროვნულმა საბჭომ საქართველოში მიღწეული წარმატება და არსებული გამოწვევები განიხილა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, SDG საბჭოს მეორე ყოველწლიურ სხდომას, რომელიც 2019 წლის 22 იანვარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაერო-ს თავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს მთავრობის, გაერო-ს, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
“საქართველო იმ მოწინავე ქვეყნების რიგშია, რომლებმაც მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაერო-ს რეზოლუციის დამტკიცების შემდგომ, 2015 წელსვე გამოთქვეს მზადყოფნა ეროვნულ დონეზე მისი განხორციელების შესახებ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული მიზნები საქართველოს მთავრობის შიდა რეფორმების განუყოფელ ნაწილად გვექცია. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი უნიკალური შესაძლებლობაა ისეთი გამოწვევების დასაძლევად, როგორიცაა ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა და კლიმატის ცვლილება”, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა.
გაერო-ს ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, აღნიშნა, რომ 2015 წელს მდგრადი განვითარების დეკლარაციის ხელმოწერით საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების ასაშენებლად.
“გაერო მიესალმება საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში. მდგრადი განვითარების მიზნები გაერო-ს სისტემის დნმ-ია. გვეამაყება, რომ შესაძლებლობა გვაქვს დახმარება გავუწიოთ საქართველოს მთავრობას ჩვიდმეტივე მიზნის განხორციელებაში. ჩვენი ხელშეწყობა მოიცავს როგორც პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერას, ასევე განვითარების პროგრამების უშუალო განხორციელებას, ხოლო მისი მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს განვითარების მიღმა“. – განაცხადა გაერო-ს ხელმძღვანელმა.
SDG საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს იმ ეროვნულ მიზნებს დაუთმო, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებას, კლიმატის ცვლილების დაძლევას, გარემოს დაცვასა და განათლების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებმა ამ საკითხებში ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. მსჯელობა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მდგრადი ტურიზმი, ბიზნესის განვითარება, ინდუსტრიალიზაცია, ინკლუზიური განათლება, ტყეებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი ელექტრონული სისტემა, SDG Tracker, რომელიც 2019 წელს ამოქმედდება და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ორასზე მეტი ინდიკატორის მონიტორინგი.
SDG საბჭო მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგსა და კოორდინირებას ემსახურება და ამ საკითხებში საქართველოს მთავარ მექანიზმს წარმოადგენს. საბჭო მოქმედებს ოთხი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, რომელთა ძირითადი მიმართულებებია სოციალური ჩართულობა, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული მმართველობა და მდგრადი ენერგეტიკა და გარემოს დაცვა.
საბჭოს მუშაობაში ჩართულია 15 საჯარო უწყება და სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები. SDG საბჭო შეიქმნა 2017 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გაეროსა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.