მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ორი არასრულწლოვანი დაკითხეს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების მორიგი პროცესი დასრულდა.
დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. პროცესზე საქმეში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი ა.ქ. და ნ.ც. დაიკითხნენ.
ადვოკატების განცხადებით, მოწმეებმა შემთხვევის დღე გაიხსენეს და ისაუბრეს, როგორ განვითარდა მოვლენები.
ნ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა დეტალური ჩვენება მისცა და კითხვებზე ამომწურავად უპასუხა.
„მან ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. ბრალდების მხარეს არ ჰქონდა ბევრი კითხვა. მან ასევე ახსნა, მის ტელეფონზე შემავალი ზარები რა შინაარსის იყო“, – განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.
პროკურატურა ბრალდებულების მიერ მიცემულ ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
პროკურორი ნანა გუგუტიშვილი ამბობს, რომ დაკითხული პირები სასამართლოში ერთსა და იმავე გარემოებებს განსხვავებულად განმარტავენ.
„მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, როგორც წინა ბრალდებულებზე, აქაც იყო იგივე – მათ მნიშვნელოვანი გარემოებები არ ახსოვდათ“, – აღნიშნა ნანა გუგუტიშვილმა.
საქმეზე შემდეგი პროცესი 19 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.