მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა გრძელდება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
პირველი მოწმე, რომელიც საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხება, არასრულწლოვანი ნ.ხ.-ა, რომელსაც საქმის პირველ ეპიზოდში ვახტანგ ჩიქოვანთან ერთად სცემეს. ნ.ხ-მ სასამართლოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ადვოკატი დალი იმნაიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო გადავიდა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე.
„პროკურორმა უნდა წარმოადგინოს მოწმეები თავისი შეხედულებით იმ ბრალის დასადასტურებლად, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წარდგენილი. ჩვენი მოწმეები ვინ იქნებიან, წინასწარ არ ვიცით. დაცვა უნდა მოემზადოს ყველა მოწმის დასაკითხად. ეს არის დისკრეციული უფლება. მას როცა უნდა, რიგითობის მიხედვით, თავისი შეხედულებით წარმოადგენს მოწმეებს. ველოდებით, რომ წარმოდგენილი მოწმეები მისცემენ ობიექტურ ჩვენებას, რამეთუ დღეს არის გადამწყვეტი ჩვენება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ექნება ბრალდებულებისთვის, მის მიმართ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას. არც რაოდენობა ვიცით, არც ვინ უნდა დაიკითხოს. პროკურორს შეუძლია, მტკიცებულებების გამოკვლევა სხვა დოკუმენტებით დაიწყოს, რომელიც მას წარმოდგენილი აქვს“, – განაცხადა დალი იმნაიშვილმა.