მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი განახლდება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი განახლდება. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, მოწმეთა გარკვეულმა ნაწილმა დრო ითხოვა, რათა ჩამოყალიბდნენ, მისცემენ თუ არა ჩვენებას სასამართლოს წინაშე.
„მოწმეებმა დააფიქსირეს, რომ არ სურდათ ჩვენების მიცემა. წარმოდგენილი მოწმეები სისხლის სამართლის სხვა საქმეზეც არიან ბრალდებული. მოწმეთა გარკვეულმა რაოდენობამ ითხოვა დრო, რომ გაიარონ სათანადო კონსულტაციები და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, სასამართლო სხდომაზე მისცემენ თუ არა ჩვენებას“, – განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.
ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გუშინ უნდა გამართულიყო თუმცა, როგორც პროკურორი ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, სხდომის გადადების მიზეზი მცხეთის რაიონულ სასამართლოში პარალელურად მიმდინარე, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გახდა. მასში ორი არასრულწლოვანი მონაწილეობდა და სხდომის გაგრძელების გამო, გუშინ სამი საათისთვის ჩანიშნული პროცესი ვერ ჩატარდა.
„პროცესი ჩანიშნული იყო სამ საათზე, თუმცა მცხეთის რაიონულ სასმართლოში პარალელურად მიმდინარეობდა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ორი არასრულწლოვანი მონაწილეობდა იმ პროცესზეც. პროცესის გაგრძელების გამო და მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე კანონით მინიჭებული შესვენების უფლებით სარგებლობის გამო, ვერ დაიწყო დროულად. გაითვალისწინა სასამართლომ ის, რომ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ პროცესის დაწყებას და არ დაიკითხა არც ერთი მოწმე“, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ხუთი პირია ბრალდებული, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.