მცხეთის სასამართლო დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს
მცხეთის სასამართლო დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს

მცხეთის სასამართლო დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს.

დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა და პროკურატურა მათ 144-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით ედავება, რაც ადამიანის წამებით სიკვდილს გულისხმობს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი.

ოჯახის ადვოკატს, მარიამ ჯიშკარიანს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების ნუსხას წარადგენენ და მათი დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ.

არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც ეძებენ. ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოაცხადა.

დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.