მცხეთის მერი - აქცია დააანონსეს ტელევიზიით, გაიგო ხალხმა და თავად მოვიდნენ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე მცხეთის მერიის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
კაპანაძის თქმით, სამწუხაროა, რა პროცესებიც ორი დღის განმავლობაში მცხეთის მერიასთან მიმდინარეობდა.
კაპანაძის განცხადებით, შეკრებილები პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩეოდნენ. მისივე განმარტებით, გუშინ აქციის მონაწილეებს უხსნიდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომლის მაჟორიტარული ბიუროც მცხეთის მერიის შენობაში მდებარეობს, ადგილზე არ იყო.
„აქცია დაიწყო გუშინდელი დღიდან, გუშინ ყველა მოწოდებული იყო პროვოკაციისთვის, აეტეხათ ჩხუბი. დაფიქსირდა არასასიამოვნო ჩხუბი. ყველანაირად ვეცადე, დამემშვიდებინა და ვეუბნებოდი, რომ ხუნდაძე არ იმყოფება ადგილზე, მიბრძანდით. შალვა ნათელაშვილის შვილი იყო ყველაფრის სულისჩამდგმელი, სწორედ მაგიტომაც მოხდა პირველად მისი დაკავება, შემდგომ იმის, ვისთანაც მოუვიდა ჩხუბი“ ,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ აქციას და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მისვლას, მცხეთის მერი ამბობს, რომ ოპოზიციამ აქცია ტელევიზიების მეშვეობით დაანონსა და ხალხმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა, მცხეთის მერიასთან „ოცნების“ მხარდასაჭერად მისულიყო.
„დღევანდელ აქციაზე ახლა ზოგი არის საჯარო მოხელე, ზოგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ეს აქცია დააანონსეს ტელევიზიით, გაიგო ხალხმა და მოვიდნენ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშობლები გუშინაც ვცდილობდით ყველანაირად, რომ დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“, „ტვ პირველმა“ სულ სხვანაირად გაშუქეს, მოხდა არასიამოვნო ფაქტი ჩხუბის სახით, არ ვიყავით მაგისთვის ჩვენ განწყობილნი“ ,- განაცხადა მცხეთის მერმა.