მცხეთაში მშენებლობის შეზღუდვის მორატორიუმის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
მცხეთის მოსახლეობა საკუთრებაში არსებულ მიწაზე მშენებლობის უფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნით აქცია მოსახლეობის ნაწილმა დღეს გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, უკვე სამი წელია, მორატორიუმი მოქმედებს. მათ ამის გამო მშენებლობის უფლება ეზღუდებათ, რაც ქალაქის განვითარებას ხელს უშლის.
მცხეთის მესაკუთრეთა ინტერესების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარის, შოთა კოზმანაშვილის თქმით, შეკრებილი მოსახლეობა 2015 წელს ხელისუფლების მიერ მიღებულ მორატორიუმს აპროტესტებს, რომელიც მცხეთაში მშენებლობასა და მცხეთის განვითარების ზღუდავს.
„ეს პროტესტი ეხება ცენტრალურ ხელისუფლებას, რადგან მცხეთის ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ქალაქში აშენდეს სახლები და განვითარდეს ქალაქის ცხოვრება. ჩვენ გვინდა შედგეს გენგეგმა, მაგრამ ვამბობთ, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვების გაცემას, ოღონდ ყველა ნორმების დაცვით – მათ შორის, იუნესკო-ს მოთხოვნების დაცვით“, – განაცხადა შოთა კოზმანაშვილმა.
მცხეთის მერის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, მცხეთის მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა, რადგან არ ეძლევა თავისივე საკუთრებაში მოქმედების უფლება.
„მცხეთა არ არის სამეწარმეო ქალაქი, აქ არ არსებობს სხვა არაფერი, თუ არა ტურიზმი. ტურიზმი კი თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს, მაგრამ მცხეთელებს გამოცხადებული მორატომიუმიდან გამომდინარე არ ეძლევათ არანაირი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უფლება და ფაქტობრივად, ქალაქი არის პარალიზებული. მე შევხვდი პრემიერს, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, გუბერნატორი და მაჟორიტარი დეპუტატიც და აქტიურად ვართ ჩართული იმ პროცესში, რათა რაც შეიძლება მალე შემუშავდეს განაშენიანების გენგეგმა და მალე შევთავაზოთ ხალხს თავისივე საკუთრებაში რაიმე სასარგებლოს კეთების უფლება“, – განაცხადა მცხეთის მერმა.