მცხეთა-მთიანეთის მხარეში სასწრაფო დახმარების ორი ახალი შენობა გაიხსნა
მცხეთა-მთიანეთის მხარეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ახალი შენობა გაიხსნა. დუშეთისა და ფასანაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
უწყების ცნობით, ადმინისტრაციული შენობები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაცისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კალანდიასთან, მცხეთა -მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერ მანანა ნარიმანიძესთან ერთად მოინახულა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას.