არასრულწლოვანი დედის 2017-2018 წლების საქმეზე, შსს-ს ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო მცირეწლოვანის მკვლელობაში ბრალდებული დედის, არასრულწლოვანი მ.შ.-ს შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ.შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი და როგორც შსს-ში აცხადებენ, არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
„ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ.შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა შსს-ს ერთ თანამშრომელს.
„გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურებრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც“,- აცხადებენ შსს-ში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისადა კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. დღეს დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვიდი თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.