მცირე ზომის ოპერატორები „სილქნეტსა“ და „მაგთიკომს“ გარიგებაში ადანაშაულებენ
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი მცირე ზომის ოპერატორები „სილქნეტისა“ და „მაგთიკომის“ წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ და მათ ოლიგოპოლიურ შეთანხმებაში ადანაშაულებენ.
„რამდენიმე დღის წინ „სილქნეტმა” და „მაგთიკომმა” ტარიფების გაძვირება და სატარიფო პოლიტიკის ცვლილება ერთობლივად დაანონსეს. გაძვირების გარდა, აღნიშნულ კომპანიებს შორის მიღწეული ოლიგოპოლიური გარიგების მიზანი მცირე და საშუალო ოპერატორების ბაზრიდან გაძევება იყო. მოსალოდნელი რადიკალური სატარიფო ცვლილება დახურვის რისკის წინაშე აყენებდა 30-მდე სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რაც დაახლოებით 1000-მდე ადამიანის უმუშევრად დარჩენას გულისხმობს. შერჩევითი დისკრიმინაციითა და კარტელური გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი კომპანიებიდან, სამი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანია ერთმანეთში ზარების განხორციელების განსხვავებულ პირობებზე შეთანხმდნენ. ხოლო დარჩენილ 30-მდე მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო კომპანიას კი, კაბალური პირობები დაუწესეს. საყურადღებოა, რომ დაანონსებული ცვლილებებით გაზრდილი ფასის მიუხედავად აბონენტებს ეზღუდებოდათ იმ ნომრებზე დარეკვა, რომლებიც „სილქნეტს“, „მაგთიკომსა“ და „ახალ ქსელებს“ არ ეკუთვნის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიების ცნობით, შეთანხმება ბიზნესის არსებობის წინააღმდეგ გამიზნული ქმედებაა, მიმართულია როგორც აბონენტების, ისე ბაზარზე მოქმედი სხვა ოპერატორების წინააღმდეგ და წარმოადგენს კარტელურ გარიგებას ბაზარზე მოთამაშე დიდ კომპანიებს შორის.
„ბოლო წლებში მარეგულირებელი კომისიის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. ბიძგი მისცა ბაზარზე მცირე და საშუალო კომპანიების განვითარებას და ტარიფებისა და საბაზრო წილის ათვისების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი გარემო შექმნა. აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების მიზნით კი, დიდი კომპანიები არასამართლებრივი გზებით მუდმივად ცდილობდნენ საშუალო და მცირე პროვაიდერების შევიწროებასა და ბაზრიდან გაძევებას. კომპანიების ეს განზრახვა არის მორიგი ზღვარგადასული მცდელობა ბაზრიდან გააძევონ სხვა მოთამაშეები და მთლიანად დაეპატრონონ ბაზარს. მარეგულირებელი კომისიის პრინციპული პოზიციისა და ჩვენი პროტესტის ფონზე ერთ-ერთმა კომპანიამ ცვლილების დროებით შეჩერება დააანონსა. ველოდებით, მეორე კომპანიის პოზიციასაც. თუმცა, სამწუხაროდ, დროებით შეჩერება არ ნიშნავს ბაზრის მთლიანად დაპატრონების ჩანაფიქრზე საბოლოოდ უარის თქმას“, – აღნიშნულია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.
ოპერატორებს იმედი აქვთ, საკითხით დაინტერესდებიან პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები, ეკონომიკის სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, კონკურენციის სააგენტო, ბიზნეს ომბუდსმენი და არასამთავრობო ორგანიზაციები.
„იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული საკითხის ჯეროვანი განხილვისა და შესწავლის შემდეგ კომპანიები საბოლოოდ უარს იტყვიან საკუთარ უკანონო, მონოპოლისტურ ჩანაფიქრზე და აღარ შეეცდებიან მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მიმართ ბოროტად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ძალაუფლება. ვიმედოვნებთ, ეროვნული მარეგულირებელი კომისია, მყარად შეინარჩუნებს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების პოზიციას, რომლის შედეგადაც ბაზარზე მოქმედ დიდ კომპანიებს აღარ უნდა გაუჩნდეთ მცირე და საშუალო კომპანიების ბაზრიდან უკანონოდ განდევნისა და ოლიგოპოლიური გარიგების დადების სურვილი“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელთა ხელმომწერებს შორის არიან კომპანიები: „ინექსფონი“, „მაიფონი“, „ჯეონეთი“, „გლობალ ერთი“, „იუთიესი“, „ნიუვიჟენი“, „ლაგი“ და „არკომი“.