მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია - ჩვენთვის უდავოა, რომ კომუნიკაციების კომისიის სწორმა რეგულაციებმა გადაარჩინა ბაზარზე 150 კომპანია
მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია - ჩვენთვის უდავოა, რომ კომუნიკაციების კომისიის სწორმა რეგულაციებმა გადაარჩინა ბაზარზე 150 კომპანია

„საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაცია ეხმაურება „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ სახელით გვინდა, გამოვეხმაუროთ იმ ღია წერილს რომლითაც „მაგთიკომმა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, „უზუსტობებთან“ დაკავშირებით. ჩვენი მოსაზრებით ამავე კომპანიის განცხადებებით ბოლო დღეებში ვრცელდება არასწორი და არასრული ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ჩვენი მომხმარებლები არსებულ რეალობებთან დაკავშირებით.

დიდად სამწუხაროა, რომ „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული წერილის ავტორი საუბრობს „დარგში მოღვაწე კომპანიები“ სახელით, თუმცა მათ რიგებს ნამდვილად არ მიეკუთვნება მიკრო, მცირე და საშუალო ტელეკომ ბიზნესი, რომელთა რაოდენობა საბედნიეროდ 150 აღწევს. როგორც ჩანს, ავტორი მცირე და საშუალო ბიზნესს არ მიგვიჩნევს „დარგში მოღვაწე კომპანიებად“. მიუხედავად იმისა, მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელი კომისია ზომიერი და ნაკლებად მკაცრია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიმართ, ის დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, ეს შესაბამისად, აისახება ბაზარზე და კონკურენციაზეც.

მიუხედავად ჩვენი მხრიდან სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებული არაერთი მოთხოვნისა და მიმართვისა, კომისიამ მხოლოდ 2017–2018 წლებიდან დაიწყო რადიკალური ცვლილებები კონკურენციის რეგულირების კუთხით და ამ მიმართულებით უდავოდ გამოსაყოფია რამდენიმე ბაზრის სეგმენტი, რომლის ლიბერალიზაციით თავად „მაგთიკომმაც“ ისარგებლა:

– 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება N671/9, რომლითაც რამდენიმეჯერ შემცირდა საბითუმო მომსახურების ტარიფები, და ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ რეგიონებში და რეგიონებიდან ინტერნეტ ტრაფიკის ტრანსპორტირება გახდა მკაცრად რეგულირებული და მათ შორის დადგინდა ზედა ზღვრული ტარიფი;

– 2018 წლის 6 დეკემბრის N672/9 გადაწყვეტილებით, ტელეკომკანალიზაციაში გატარების უფლების გაიაფებისთვის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებს დაუდგინდათ ზედა ზღვრული ტარიფი;

– 2019 წლის 14 მაისის N19-9/285 გადაწყვეტილებით დაახლოებით 4 ჯერ შემცირდა ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების ტარიფები (32 ლარიდან 9 ლარამდე) და ამ მომსახურებაზე არიან დიდ წილად დამოკიდებული მიკრო, მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერების საცალო მომსახურების ფასი.

– 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვებას და ახალი ვირტულაური მობილური ოპერატორების ამოქმედებას შეეხება.

აქაც და არაერთ სატელევიზიო ეთერშიც არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ასოციაციის აზრი იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების და მათ შორის პირველ რიგში „მაგთიკომის“ გაღიზიანება უკანონო და უსაფუძვლოა, თუმცა გასაგები, რადგან კომუნიკაციების კომისიის რეგულაციით ხდება იმ სავარაუდო რისკების წინასწარი რეგულირება და შეზღუდვა, რომელიც გვაზღვევს ჩვენ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს დავრჩეთ და განვითარდეთ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ალტერნატიული, მაღალხარისხიანი ალტერნატიული მომსახურება მივაწოდოთ მომხმარებელს.

გავრცელებულ განცხადებაში წერილის ავტორი გაურკვეველია, ვის მოიაზრებს „დარგში მოღვაწე თითქმის ყველა სუბიექტის“ ქვეშ ან რის საფუძველზე მიიჩნევს, რომ „დარგი ნადგურდება“? ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას რომ კონკურენციის ხელშეწყობა ნიშნავს დარგის განადგურებას, სრულიად გაურკვეველია რას ნიშნავს ასევე პასაჟი „ კიბერუსაფრთხოების გაზრდილი რისკების უგულებელყოფამ შეიძლება პარალიზებამდე მიიყვანოს ქვეყანა“ – იმ დროს როდესაც თითოეული კომპანია, მისი ზომის მიუხედავად ვალდებულია დაიცვას მისი ქსელის კიბერმდგრადობა და დაცულობა? რა შუაშია ამ შემთხვევაში კომისია ან თავად კომპანია არ ზრუნავს მისი ქსელის კიბერდაცულობაზე?

ჩვენთვის საინვესტიციო გარემოს გაუარესებად მიიჩნევა შემდეგი მოცემულობები:

– არ ვნერგავთ და ხელს ვუშლით MVNO-სვაფრთხობთ ინვესტორს!

– ვადგენთ რეალურ ხარჯებზე დამოკიდებულზე დაბალ ტარიფებს შერჩეული რეგიონების მიხედვით ანუ ვადგენთ დემპინგური ფასებს – ვამცირებთ ინვესტირების ინტერესს და „ვაფუჭებთ“ ბაზარს (თბილისთან შედარებით რეგიონებში სერვისების ფასი თითქმის ორ-სამჯერ დაბალია, თუმცა რა ლოგიკით გაურკვეველია)!

– ზომიერი რეგულირების არარსებობა და კონკურენციის პრობლემები – ნიშნავს არაპროგნოზირებად და უკონტროლო, ნაკლებად საინტერესო ბაზარს ინვესტორისთვის.

აქვე გვინდა ვთქვათ, სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი მცდელობისა, კომისიის მხრიდან არ ხდება რეაგირება ჩვენი მოსაზრებით ე.წ. დემპინგურ ანუ თვითღირებულებაზე იაფად შეთავაზებულ ტარიფებზე, რომლთაც ე.წ. დიდი კომპანიები რეგიონებში საქმიანობენ და ეს საცალო ბაზრის შეთავაზება თითქმის ორჯერ ამ სამჯერ იაფია თბილისთან შედარებით, ხდება სხვადასხვა სერვისების ერთ კალათში „ჩაყრა“ და შეუსაბამოდ დაბალ ფასად შეთავაზება. დემპინგური ფასები ანგრევს ბაზარს და მოკლევადიან პერსპექტივაში ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესს. ჩვენი მოსაზრებით, ეს მოცემულობა აშკარაა და წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდავ ქმედებას. ჩვენი პრეტენზია კომისიის მიმართ ასევე შეეხება ძალიან დაგვიანებულ რეგულაციებს საბითუმო ბაზარზე, იმ დროს, როდესაც ეს რეგულაციები ევროპის განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე დიდი ხნის წინ დაინერგა და მუშაობს. აქვე აღსანიშნავია, თუნდაც ვირტუალურ ოპერატორების დაშვებაზე მობილურ ქსელში და ასევე high Bit-stream access და ა.შ. სერვისები, რომლის დანერგვას ძალიან ვაგვიანებთ. მარეგულირებელი კომისია არ ახდენს კონკურენციის რეგულირებას ჩვენ მიერ მოთხოვნილ საცალო სეგმენტებზე, თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას ვიყოთ სუბიექტური და მხოლოდ ცალმხრივად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და არასწორი ინფორმაცია გავავრცელოთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ კარგად გვესმის რა, ის როლი, რომელიც აკისრია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს ქვეყანაში ინოვაციების და მოწინავე სატელეკომუნიკაციო სიახლეების დანერგვის კუთხით, თუმცა ასევე გასაგებია მათი შესაძლებლობა შეავიწროონ კონკურენტები. ჩვენთვის უდავოა, რომ კომუნიკაციების კომისიიის ზემოთ ხსენებულმა რეგულაციებმა განაპირობა 150-მდე კომპანიის გადარჩენა ჩვენ ბაზარზე, რადგან რამდენიმეჯერ შემცირებული ე.წ. საერთაშორისო ინტერნეტის ფასი და ხარჯებზე ორიენტებული ე.წ. გზის უფლება, გვაძლევს საშუალებას, კონკურენტული სერვისი შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის მომხმარებელს. არსებულმა რეგულაციებმა კარდინალურად შეცვალა არსებული მდგომარეობა და კონკურენციის მდგომარეობა „დიდი“ ოპერატორების შეზღუდვის ხარჯზე. ჩვენ ვერაფერს გეტყვით „მაგთიკომის“ ოპტიკური ქსელის განვითარებაზე, თუმცა მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები აქტიურად ანაცვლებენ რადიო ქსელს ოპტიკური ქსელით, ქმნიან მაღლახარისხიან, კონკურენტულ მომსახურებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეს არსებული აბონენტების წილობრივი დისბალანსი „დიდ“, მცირე და საშუალო ბიზნესს შორის 1/10–ზე უახლოეს თვეებში არსებითად შეიცვლება.

ჩვენი მოკრძალებული აზრით, ბოლო წლებში დარეგულირებული საკვანძო ბაზრის სეგმენტები და დადგენილი დაშვების პირობები და ზღვრული ტარიფები გახდა წყალგამყოფი, რამაც გამოიწვია „დარეგულირებული“ ოპერატორების „ორგანიზებული დემარში“. ეს „დამოკიდებულება“ ასევე კარგად გამოჩნდა მარეგულირებელი კომისიის წევრების შესარჩევად პარლამენტში გამართულ დარგობრივი კომიტეტის სხდომაზეც, სადაც მოხდა პირადი „თავდასხმებიც“ კომისიის თანამშრომლებზეც. აღნიშნული ნათლად გვიჩვენებს დამოკიდებულებებს და ზოგად სულისკვეთებას.

მიგვაჩნია, რომ დარგი უდავოდ სწორად და მდგრადად ვითარდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ოუფენნეტის“ პროექტი და ბევრი სხვა ინიციატივა უახლოეს პერიოდში მოაგვარებს კონკურენციის პრობლემებს და არსებითად შეცვლის საცალო ბაზარზე. პროცესები სამწუხაროდ დაგვიანებით და ნელ ტემპში მიმდინარეობს, თუმცა დღეს არსებული მოცემულობები და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიის წარმომადგენლის პოზიცია აშკარად მიუთითებს, რომ კონკურენციის რეგულირება სწორად და „საკვანძო და მტკივნეულ წერტილებში“ ხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი