მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომლებიც გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვის გაშლა სცადეს
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკვე მეორე დღეა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ, კარვის დადგმა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.
სამართალდამცველების მოთხოვნის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა კარავი ტერიტორიიდან წაიღეს.
„საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ითხოვს იმას, რასაც ავალებენ. მე მესმის შიშები, არგუმენტირებული ან უარგუმენტო, რომ კომენდანტი რომ გაუქმდეს, შემდეგ რაღა უნდა ვქნათ, თითქოს კომენდანტს ვირუსის გავრცელებასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს, არანაირი კავშირი არ აქვს. ცხრა საათამდე, თუ ცხრა საათის შემდეგ თუ არის საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს, გავრცელდება, ერთადერთი დატვირთვა არის მართვის ფორმა. ბიჭები ღამე კარავში იქნებიან, თუ კარვის გარეშე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, აქ რომ 15 ათასი კაცი იყოს, გაიშლებოდა იმდენივე კარავი, რამდენიც არის გაშლილი პარლამენტთან. ჩავიდეთ პარლამენტთან, ვნახოთ იქ რამდენია. იქ 10 ათასი კაცი მივიდა, ეს არის არგუმენტი ქვეყნისთვის, ანუ ერთი ადამიანი, ბიზნესი ზოგადად არაა არგუმენტი? მარტო პოლიტიკაა ამ ქვეყანაში არგუმენტი? გუშინ ვიყავით სამნი, დღეს ვიქნებით ექვსნი“, – განაცხადა აქციის მონაწილე ლექსანდრე პაიკიძემ.