ვირუსმა, რომელიც შავთვალა ლობიოს აინფიცირებს, ფართო ეფექტიანობა აჩვენა თაგვებში მთელი რიგი მეტასტაზური სიმსივნეების აღკვეთაში, რაც აჩენს იმედს, რომ ამ ვირუსმა შეიძლება იგივე შედეგები ადამიანებშიც აჩვენოს. ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაში იუწყებიან.
პარკოსანი მცენარის, სახელად ძაძის მოზაიკა ვირუსიდან აღებულმა ნანონაწილაკებმა სხვადასხვა ტიპის კიბოთი დაავადებული თაგვების გადარჩენის მაჩვენებელი გაზარდა და სისტემურად დათრგუნა სიმსივნის ზრდა. თაგვებს ჰქონდათ მკერდის, მსხვილი ნაწლავის (კოლონი) და საკვერცხის კიბო.
მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღენიშნათ იმ თაგვებსაც, რომლებსაც სიმსივნეები ქირურგიული ჩარევით ამოაჭრეს. კვლევა სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯგუფმა ჩაატარა.
ძაძის მოზაიკური ვირუსი მცენარის პათოგენია, რომელიც ძაძაში (Vigna unguiculata) გვხვდება — პარკოსანთა სახეობაში, რომელშიც ასევე შედის ქვესახეობა, სახელად შავთვალა ლობიო.
ვირუსი თაგვებში პირდაპირ კიბოს უჯრედებს კი არ დაესხა თავს, არამედ იმუნოთერაპიის ფორმით იმოქმედა — ეს გახლავთ მკურნალობის მეთოდი, როცა კიბოს თავად სხეულის იმუნური სისტემა პოულობს და ანადგურებს.
ახალი კვლევა წარმოადგენს უფრო ფართო კვლევის ნაწილს, რომელსაც სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯგუფი ნანოინჟინერ ნიკოლ შტაინმეცის ხელმძღვანელობით ატარებს.
შტაინმეცი და მისი კოლეგები წლების განმავლობაში ტესტავდნენ ძაძის მოზაიკა ვირუსის ნაწილაკებს, როგორც იმუნომოდულატორს — ნივთიერებას, რომელიც იმუნურ სისტემას ან თრგუნავს, ან როგორც ამ შემთხვევაში უნდოდათ, ასტიმულირებს.
ნანონაწილაკებმა წარსულში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა იმუნური პასუხის წახალისებაში, როდესაც ის პირდაპირ სიმსივნეში შეიყვანეს; შედეგები მიუთითებდა, რომ მკურნალობის ამ საშუალებამ შეიძლება აღკვეთოს კიბოს გავრცელება და ხელახლა დაბრუნება.
მკვლევართა განმარტებით, ვინაიდან ის მცენარის ვირუსია, ძუძუმწოვრების დაინფიცირება არ შეუძლია, მაგრამ თაგვის იმუნურმა სისტემამ ის მაინც უცხო სხეულად აღიქვა.
აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იმუნური სისტემის მწვავე რეაქციას იწვევს, რაც ასევე აგულიანებს ახლომდებარე სიმსივნეზე თავდასხმას — ისევე როგორც ნებისმიერ მომავალ სიმსივნეზე, რომელიც იქ განვითარდება.
თუმცა, კვლევის თანახმად, ეს ყველაფერი არ არის. როგორ ირკვევა, წარმატებული შედეგისთვის სულაც არ არის აუცილებელი ნანონაწილაკების პირდაპირ სიმსივნეში შეყვანა. მისი მიწოდება შესაძლებელია სისტემატურად, რათა ხელი შეუშალოს მეტასტაზებს და გაზარდოს მრავალი სხვადასხვა კიბოსგან გადარჩენის მაჩვენებელი.
„აქ ჩვენ არ გვიმკურნალია უკვე წარმოქმნილი სიმსივნის ან მეტასტაზებისთვის — ჩვენ მათი წარმოქმნა აღვკვეთეთ. შევქმენით სისტემატიური მკურნალობის მეთოდი, რომელიც სხეულის იმუნურ სისტემას აღვიძებს, რათა დაავადება მეტასტაზების განვითარებამდე მოსპოს“, — ამბობს შტაინმეცი.
შტაინმეცმა და მისმა კოლეგებმა ახალი კვლევა ლაბორატორიაში შავთვალა ლობიოს მოყვანითა და მათო მოზაიკა ვირუსით დაინფიცირებით დაიწყეს. ვირუსი მცენარეში გამრავლდა და მილიონობით ასლი წარმოქმნა, რაც შემდეგ მკვლევრებმა შეაგროვეს.
როგორც შტაინმეცი აღნიშნავს, მიღებული ნანონაწილაკები უკვე შესაფერისი იყო ექსპერიმენტის ფარგლებში თაგვებში შესაყვანად და არ საჭიროებდა არანაირ მოდიფიკაციას. მისი განცხადებით, ის ბუნების მიერ შავთვალა ლობიოში წარმოქმნილი მძლავრი ნანონაწილაკებია.
ეს ნანონაწილაკები მკვლევრებმა თაგვებს გაუკეთეს, ერთი კვირის შემდეგ კი განუვითარეს მეტასტაზური სიმსივნეები, მათ შორის მკერდის, მსხვილი ნაწლავისა და საკვერცხის, ასევე მელანომა.
დაუმუშავებელი თაგვების საკონტროლო ჯგუფისგან განსხვავებით, ნანონაწილაკებით ნამკურნალევ თაგვებს აღენიშნათ სიმსივნის ზრდის შემცირება და გადარჩენის მაჩვენებლის ზრდა.
იგივე იყო ერთი თვის შემდეგაც, როდესაც თაგვებს ახალი სიმსივნეები განუვითარეს. ამ შემთხვევაშიც, ძაძის მოზაიკა ვირუსის ნანონაწილაკებით ნამკურნალევი თაგვების მდგომარეობა გაცილებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ვიდრე იმათი, რომლებსაც მკურნალობა ჩატარებული არ ჰქონდათ.
კვლევა ასევე მოიცავდა ექსპერიმენტებს ქირურგიული ჩარევით კიბოს მოცილების შემდეგ ნანონაწილაკებით მკურნალობის ეფექტიანობის შესახებ. ამ შემთხვევაშიც, თაგვებში დაფიქსირდა კიბოს ზრდის შემცირება და გადარჩენის მაჩვენებლის ზრდა, რაც ავტორთა განცხადებით, განსაკუთრებით სასიხარულოა.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიბოს ქირურგიულად მოაცილებ, არცერთი ოპერაცია არ არის სრულყოფილი და მეტასტაზები მაინც იზრდება, თუ არ ჩაატარებ დამატებით მკურნალობას. ამ შემთხვევაში, ჩვენ ოპერაციის შემდეგ ამ მცენარის ვირუსის ნანონაწილაკები გამოვიყენეთ, რათა გაგვეძლიერებინა იმუნური სისტემა ისე, რომ უკუეგდო დაავადების ნებისმიერი ნარჩენი და აღეკვეთა მეტასტაზების ჩანასახთა ზრდა. აღმოჩნდა, რომ ეს მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს!“, — ამბობს შტაინმეცი.
უცნობი რჩება, იმუშავებს თუ არა ეს მეთოდი ადამიანებშიც, მაგრამ ეს კვლევა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია და მკვლევართა ჯგუფი უკვე გეგმავს შემდეგ კვლევას.
შემდეგი ნაბიჯი იქნება ექსპერიმენტები სხვა ცხოველებში, რასაც შემდეგ ადამიანებზე ცდების დაწყება უნდა მოჰყვეს.
კვლევა Advanced Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ucsd.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.