"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უმრავლესობის რამდენიმე წევრმაც დაუჭირა მხარი
საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს უმრავლესობის რამდენიმე წევრმაც დაუჭირა მხარი.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეყარა, შემდეგ კი, თავდაპირველ ვერსიას. ვინაიდან, საკანონმდებლო პაკეტი ორი ნაწილისგან – “მაუწყებლობის შესახებ” და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონპროექტებისგან შედგება, პროექტებს კენჭი ცალ-ცალკე ეყარა.
პირველმა არხმა კენჭისყრის შედეგები გამოითხოვა, საიდანაც ირკვევა, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს მხარი დაუჭირეს საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, რომელთა შორის იყვნენ – ირაკლი აბესაძე, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, რომან გოცირიძე, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ირმა ნადირაშვილი, სერგო რატიანი, ლელა ქებურია, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე ვეტოს პაატა მხეიძემ დაუჭირა მხარი. რაც შეეხება თავდაპირველ ვერსიას, ანუ, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ “მაუწყებლის შესახებ” კანონპროექტს, მის წინააღმდეგ ხმა უმცირესობამ და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ მისცეს.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონპროექტზე კი, პრეზიდენტის ვეტო – ოპოზიციამ და უმრავლესობის წევრებმა – დიმიტრი ცქიტიშვილმა და თემურ ჭკუასელმა გაიზიარეს. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 83 მომხრე ხმით 13-ის წინააღმდეგ დაძლია.