"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე ირაკლი კობახიძე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე შეხვდება
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მაუწყებლობის შესახებ” პრეზიდენტის ვეტოდადებულ კანონპროექტზე მედიასაშუალებების წარმომადგენლენს სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე შეხვდება.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გასულ კვირას ჰქონდა და დაჰპირდა, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართებოდა.
„ეს პირობა შესრულდება. სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს ასეთ შეხვედრას გავმართავთ, სადაც ორივე მხარეს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, არგუმენტები წარმოადგინოს. პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას ამ განხილვების შემდეგ მიიღებს იმასთან დაკავშირებით, დაძლევს თუ არა ვეტოს”, – აღნიშნა კობახიძემ.
სპიკერი უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მან რომან კაკულიას მისამართით გააკეთა.
„კოლეგების მიმართ ასეთი განცხადების გაკეთება არასწორია, თუმცა რაც შეეხება გუნდში არსებულ მოსაზრებებსა და აზრთა სხვადახვაობას, საკითხზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ და უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებას მიიღებს”, – დასძინა კობახიძემ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს და მას მხარი ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ოთხი წავიდა, რის გამოც კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო.