როგორც ჩანს, სააკაშვილს დღემდე ახსენდება, როგორ შეიჭრა საქართველოს პარლამენტში მომხრეებთან ერთად და შეცვალა ხელისუფლება, – ამის შესახებ რუსი პოლიტიკური მიმომხილველი და ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი თავის სტატიაში წერს.
განაპოლსკის ბლოგი „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„სააკაშვილმა ორჯერ გაგვაოცა ალოგიკური ქმედებებით. როდესაც მის დასაკავებლად მივიდნენ, სახლის სახურავზე ავიდა და პირობა დადო, რომ გადახტებოდა თავისუფალი უკრაინისთვის. თუმცა არ გადახტა. მეორე – მან გაგვაოცა, როდესაც სამართალდამცველების მანქანიდან აღგზნებული ხალხის მიერ გათავისუფლებული, ამ ხალხს სათავეში ჩაუდგა და უმაღლესი რადასკენ გაემართა, სადაც საზეიმოდ დაღი დაასვა უკრაინის ხელისუფლებას. სად არის აქ ლოგიკის არარსებობა? – იმაში, რომ ყველა ამ მოქმედებაში არ ჩანს ნამდვილი პოლიტიკოსი, რომელსაც უკრაინის პოლიტიკურ არენაზე გრძელვადიანი გეგმები აქვს“, – წერს განაპოლსკი.
რუსი პოლიტიკური მიმომხილველი აღნიშნავს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გარღვევის შემდეგ, სააკაშვილმა რამდენიმე მიტინგი გამართა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არ შეუქმნია მდგრადი პოლიტიკური მასობრივი სტრუქტურა.
„სააკაშვილის ქმედებების აპოთეოზი გახდა უმაღლეს რადასთან კარვების ბანაკის შენება. ბანაკი სპეციალურად აშენდა ისე, რომ გადაიკეტოს საავტომობილო ნაწილი – როგორც ჩანს იმისთვის, რომ სააკაშვილი კიდევ უფრო მეტად „შეუყვარდეთ“ მძღოლებს. წაყენებული იყო მოთხოვნა – პოროშენკოს დაუყოვნებლივ წასვლა. შემდეგ იყო იმპიჩმენტის მოთხოვნა. შემდეგ, როცა გასაგები გახდა, რომ იმპიჩმენტს ითხოვს მხოლოდ სააკაშვილი და მისი ორიოდე ათასი მომხრე, გამოცხადდა, რომ „უკრაინელი ხალხი ითხოვს სახალხო იმპიჩმენტს“. ეს საოცარი მოთხოვნა იყო, რადგან სახალხო იმპიჩმენტს უკრაინის კონსტიტუცია საერთოდ არ ითვალისწინებს“, – წერს განაპოლსკი.
როგორც რუსი ჟურნალისტი აღნიშნავს, ასე გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე უკრაინის გენერალური პროკურორი ლუცენკო სააკაშვილსა და იანუკოვიჩთან დაკავშირებული გაქცეული ოლიგარქის კურჩენკოს საუბრის ჩანაწერს გამოაქვეყნებდა.
„ეს უკვე სერიოზულზე მეტია. გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები რეალური სისხლის სამართლის მუხლია, რომელიც ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან იმ პირთა ჯგუფის ხელშეწყობას, რომლებიც დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალებას ითვალისწინებს. სწორედ ამაში ადანაშაულებენ სააკაშვილს. მისი რომანტიკული გათავისუფლება პოლიციის მანქანიდან, გამარჯვებული მსვლელობა უმაღლეს რადასთან, შესაძლოა, სააკაშვილს ძვირი დაუჯდეს. თუ სააკაშვილი ხელისუფლებას არ ჩაბარდება და წარმოდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით გონივრულ განმარტებებს არ გააკეთებს, გამოვა, რომ ყველაზე ევროპული პოლიტიკოსი – სააკაშვილი, რომელიც მუდამ ადანაშაულებს პოროშენკოს მოსკოვთან საიდუმლო შეთქმულებაში, თავად მოსკოვის ფულით ცდილობს, დაამხოს უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლება. და რამდენიმე ათასი ადამიანი, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტში რომც შევარდეს, ეს არაფერს მოიტანს – საყოველთაო სახალხო მხარდაჭერა ისევ არ იქნება. თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილს დღემდე ახსენდება, როგორ შეიჭრა საქართველოს პარლამენტში, მომხრეებთან ერთად და შეცვალა ხელისუფლება. თუმცა აქ სხვა მდგომარეობაა. ეს საქართველო არ არის“, – წერს მატვეი განაპოლსკი.