მატიას მარტინენი - ჩვენ გვჭირდება მეტის გაკეთება, მეტი სანქციის ამოქმედება, რათა რუსეთისთვის იყოს მკაფიო გზავნილი, რომ უკრაინაზე თავდასხმა უნდა შეწყდეს
ფინეთი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის მატიას მარტინენის განცხადებით, ფინეთი მხარს უჭერს რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას და სანქციების უფრო გამკაცრების მომხრეა.
მისივე თქმით, ფინეთის პარლამენტი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით უახლოეს კვირებში მიიღებს გადაწყვეტილებას.
„24 თებერვალს მოხდა დრამატული ცვლილება. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ამ დროს ევროპაში უსაფრთხოების ვითარება შეიცვალა. ძალიან ბევრი ადამიანი არის შეშფოთებული რუსეთის ქმედებებით და ეს მხოლოდ ფინეთს არ ეხება, არამედ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და მთელ მსოფლიოში. ჩემი ინფორმაციით, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს დღეებში განიხილავენ. ჩვენ გვჭირდება მეტის გაკეთება, მეტი სანქციის ამოქმედება, რათა რუსეთისთვის იყოს მკაფიო გზავნილი, რომ უკრაინაზე თავდასხმა უნდა შეწყდეს. ფინეთს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის საშუალებები. ასევე, უნდა მოვახდინოთ ფინეთის უფრო მეტად ინტეგრაცია დასავლეთთან. ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრები და ვთანამშრომლობთ ნატო-სთან წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, ბრძნული გადაწყვეტილებაა, რომ ფინეთი შეუერთდეს ნატო-ს, რადგან ყველა პარტია ახლა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრების განაცხადს. ჩვენმა მთავრობამ მოამზადა ანგარიში უსაფრთხოების შეცვლილ სიტუაციაზე და ეს დოკუმენტი ახლა პარლამენტშია. გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი“, – განაცხადა მარტინენმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.