მათეუშ მორავიეცკის საქართველოში ვიზიტის შესახებ პოლონეთის მთავრობის კანცელარია ინფორმაციას ავრცელებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის კანცელარია ავრცელებს.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი და საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრის დროს ისაუბრებენ საერთაშორისო საზოგადოების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მიმართულია რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის საწინააღმდეგოდ. ასევე განხილული იქნება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კიევში ვიზიტის შედეგი, სადაც მორავიეცკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„პოლონეთის მთავრობის მეთაური ისაუბრებს საქართველოს ჩართულობაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის იმპლემენტაციაში. ასევე ეკონომიკური სანქციების შედეგებზე სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას, ასევე განიხილება მიგრაციის კუთხით შექმნილი სიტუაცია“, – წერია პრესრელიზში.
„პრემიერ მინისტრები ასევე განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით. განაცხადი ასევე წარადგინა უკრაინამაც, რომელსაც სურს ევროპული საზოგადოების ნაწილი გახდეს“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ბათუმში პოლონეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები დღესვე გახსნიან პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისა ძეგლს, რომელიც 2008 წელს რუსეთის შეჭრის დროს საქართველოს უჭერდა მხარს. ეს ლეხ კაჩინსკის მეორე ძეგლია, რომელიც საქართველოში გაიხსნება.