პოლონეთმა, შესაძლოა, ემბარგო დაუწესოს მეტ უკრაინულ პროდუქტს, თუ კიევი მარცვლეულის კონფლიქტის ესკალაციას მოახდენს
პოლონეთმა, შესაძლოა, ემბარგო დაუწესოს უფრო მეტ უკრაინულ პროდუქტს, თუ კიევი მარცვლეულის კონფლიქტის ესკალაციას მოახდენს. პოლონური მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
პოლონეთის მთავრობის მეთაური გამოეხმაურა უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, ტარას კაჩკას განცხადებას რამდენიმე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის შესაძლო ემბარგოს შეახებ.
„ვაფრთხილებ უკრაინის ხელისუფლებას, თუ ის ამგვარად მოახდენს მარცვლეულის კონფლიქტის ესკალაციას, ჩვენ პოლონეთში გავაფართოებთ იმ პროდუქტების სიას, რომელთა პოლონეთში იმპორტიც აკრძალულია“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
პოლონეთის პრემიერის თქმით, პოლონეთმა ბევრი გააკეთა უკრაინისთვის და ამიტომ ელოდება, რომ მისი ინტერესები იქნება გაგებული.
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს სრული სიმტკიცით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივისცემით ვეკიდებით უკრაინული მხარის ყველა პრობლემას, თუმცა ჩვენთვის პირველ ადგილზეა ჩვენი ფერმერების ინტერესები“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სამი ქვეყნის მიერ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გამო კიევი პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და უნგრეთიდან გარკვეული სახეობის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას არ გამორიცხავს. კერძოდ, საუბარია ხახვზე, პომიდორზე, კომბოსტოსა და ვაშლზე.