მატეუშ მორავიეცკი - საპარლამენტო არჩევნებში „კანონი და სამართალი“ იმარჯვებს, გაუმარჯოს პოლონეთს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის გამარჯვების შესახებ წერს.
„ჩვენ გავიმარჯვეთ, „კანონი და სამართალი“ იმარჯვებს 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გმადლობთ, გაუმარჯოს პოლონეთს“, – წერს მორავიეცკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ, „კანონი და სამართალი“ (PiS) ხმების 36.8 პროცენტი, ხოლო „სამოქალაქო კოალიციამ“ 31.6 პროცენტი მოიპოვა.
როგორც პოლონური მედია წერს, აღნიშნული მონაცემები თუ დაემთხვევა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, შესაძლოა, მთავრობას სათავეში ოპოზიციის გაერთიანებული კოალიცია ჩაუდგეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სამი პარტია, რომლებიც ეგზიტპოლის შედეგებით, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს იკავებენ, გაერთიანდებიან.