მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ პოლონეთი სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხ პროცენტამდე გაზრდის
პოლონეთი სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტამდე გაზრდის. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გააკეთა.
„ომი უკრაინაში გვაიძულებს, უფრო სწრაფად შევიარაღდეთ. ამიტომ წელს ჩვენ გავწევთ უპრეცედენტო ძალისხმევას. ეს იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტი, რაც პოლონეთის არმიისთვის დაიხარჯება“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
გასულ კვირას პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი მიიღო, რომელშიც სამხედრო ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 97,4 მილიარდი ზლოტი (22 მილიარდი დოლარი). რომელი წყაროდან იგეგმება არმიის დაფინანსების გაზრდა, მორავიეცკის არ დაუკონკრეტებია.