მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას შეუძლია, მეტად დაეხმაროს უკრაინას იარაღის მიწოდების საკითხში
დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას შეუძლია, მეტად დაეხმაროს უკრაინას იარაღის მიწოდების საკითხში, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მინდა, უკრაინამ მოიგოს ეს ომი, რადგან უკრაინის დაპყრობის შემთხვევაში სრულიად განსხვავებული სამყარო იქნება. თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს და დიდი ქვეყანა შეძლებს, შეიჭრას პატარა ქვეყანაში, მაშინ რატომ არ გაიმეორებს ჩინეთი იმავე ხრიკს რუსეთის მხარდაჭერით? ეს არის საკვანძო მომენტი მსოფლიოს ისტორიაში“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთს ესმის სიტუაციის სიმძიმე, მას მიაჩნია, რომ დასავლეთ ევროპას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია უკრაინის დასახმარებლად.
შეგახსენებთ, მანამდე მორავიეცკიმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირდაპირ ჩარევას შეუძლია სამხრეთ კორეის საარტილერიო ჭურვების უკრაინაში მიწოდების უზრუნველყოფა.