მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ ახლა ვარშავა ორიენტირებულია საკუთარი არმიის გადაიარაღებაზე და ამიტომ არ გადასცემს სამხედრო დახმარებას კიევს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განმარტა, თუ რატომ არ გადასცემს ვარშავა უკრაინას იარაღს. მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ახლა ვარშავა ორიენტირებულია საკუთარი არმიის გადაიარაღებაზე და ამიტომ არ გადასცემს სამხედრო დახმარებას კიევს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გააგრძელებს თუ არა პოლონეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ „ვარშავა ამჟამად არ აწვდის კიევს იარაღს, რადგან ახლა ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ ყველაზე თანამედროვე იარაღით. თუ არ გინდათ დაიცვათ თავი, უნდა გქონდეთ რაიმე, რითიც დაიცავთ თავს. ეს არის ჩვენი პრინციპი, ამიტომ ჩვენ გავზარდეთ იარაღის შესყიდვები“.
მორავიეცკის თქმით, პოლონეთის გადაწყვეტილება, არ მისცეს უკრაინას იარაღი, საფრთხეს არ შეუქმნის უკრაინის უსაფრთხოებას.
პოლონური მხარის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ვარშავამ კიევს სამ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია. მასში შედის საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა და მძიმე ტექნიკა.