იტალიის შს მინისტრი ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქის დეპორტაციას ითხოვს
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოითხოვა.
საქმე ეხება 35 წლის მამაკაცს, რომლის სამშობლოში ექსტრადირებაზე იტალიის სასამართლომ უარი თქვა. ამის მოტივად მოსამართლემ დაპატიმრებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მამაკაცს ექიმებმა C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს.
„და ამას ეძახით სამართალს? სასწრაფოდ შეცვალეთ ყველაფერი!“ – ასე შეფასა სასამართლოს გადაწყვეტილება იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც კომენტარი იტალიურ მედიასთან გააკეთა.
სალვინიმ ასევე მოუწოდა იმ ადამიანებს, ვინც იტალიაში დანაშაულის ჩადენის მიზნითაა ჩასული, სამშობლოში დაბრუნდნენ.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დეპორტაცია დაუშვებელია, რადგან „ჰეპატიტის მკურნალობის კურსის შეწყვეტა ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, ხოლო პოლიციამ და პროკურატურამ სასამართლოს ვერ წარუდგინეს საკმარისი მტკიცებულება, რომ საქართველოში მას ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლია“.