მატეო სალვინი - იტალია და პოლონეთი „ევროპული გაზაფხულის“ მომხრე არიან
იტალიასა და პოლონეთს ევროპული გაზაფხული სურთ, – ეს განცხადება იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ ვარშავაში, თავის პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ორი ქვეყანა ერთობლივად იბრძოლებს ევროკავშირის რეფორმისთვის.
„იტალიისა და პოლონეთს საერთო მიზანი „ევროპული გაზაფხულია“, რაც ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობების ხელახლა დაბადებას ნიშნავს. ეს ნიშნავს ნაკლებ ფინანსებს, ნაკლებ ბიუროკრატიას და მეტ საქმეს. ჩვენი ამოცანაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს ვერ მოხერხდება ადამიანების ტრეფიკინგით დაკავებული პირებისა და არასამთავრობოების დახმარებით. ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ქვეყნის უფლება, გააკონტროლოს საკუთარი საზღვრები“, – განაცხადა სალვინიმ.
ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარშავაში დღესვე შეხვდა პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერ იაროსლავ კაჩინსკის. განხილვის მთავარი თემა მაისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნები იყო. სალვინის სურს, კაჩინსკის პარტიასა და სხვა ევროსკეპტიკოს პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად, ევროპარლამენტში ძლიერი ბლოკი ჩამოაყალიბოს.
ვარშავაში იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს საპროტესტო აქციით შეხვდნენ. მოქალაქეებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ სალვინის ლოიალური დამოკიდებულება გააკრიტიკეს.