მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში შეეძლებათ
იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებაშია საუბარი.
ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ „მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით“.
მიხეილ ჩხენკელის ბრძანება დღეს, 13 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
გარე დაკვირვების წესი შემუშავებულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში და აწესრიგებს უფროსი მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასების მიზნით გარე დაკვირვებასთან დაკავშირებულ პროცესებს.
გარე დაკვირვება გულისხმობს უფროსი მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასებას გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.