მასუდ ფეზეშქიანი - მსოფლიომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რათა გადაჭრას რეგიონული და საერთაშორისო საკითხები ძლიერ, მშვიდობის მაძიებელ და ღირსეულ ირანთან თანამშრომლობით
მსოფლიომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა გადაჭრას რეგიონული და საერთაშორისო საკითხები ძლიერ, მშვიდობის მაძიებელ და ღირსეულ ირანთან თანამშრომლობით, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა.
ირანის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დაიცავს ირანის ღირსებასა და ინტერესებს მსოფლიოში და თქვა, რომ „ღირსება, სიბრძნე და მიზანშეწონილობა“ იქნება მისი საგარეო პოლიტიკური მიდგომის სამი საყრდენი. მასუდ ფეზეშქიანმა დაადასტურა, რომ კონსტრუქციული ჩართულობა მსოფლიოსთან იქნება მისი ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობების ქვაკუთხედი. ირანის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს დასავლეთის სანქციების მოსახსნელად და ასევე დასძინა, რომ მისი მთავრობა არასოდეს დაემორჩილება ჩაგვრას, ზეწოლას და ორმაგ სტანდარტებს.
„მსოფლიოსთან ირანის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზაცია ირანის ლეგიტიმურ უფლებად მიმაჩნია და არ დავისვენებ, ვიდრე უსამართლო სანქციები არ მოიხსნება. ირანთან ორ ათწლეულზე მეტი მოლაპარაკების გამოცდილებით მთავრობებს უნდა გაეგოთ, რომ ჩვენ ვიყავით და დავრჩებით ჩვენი ვალდებულებების ერთგული. ირანი ყოველთვის იდგა ისტორიისა და კაცობრიობის სწორ მხარეს და ჩვენ გავაგრძელებთ დგომას ამ გზაზე, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს რელიგიურ რწმენაზე, კულტურულ ღირებულებებსა და ირანულ ცივილიზაციაზე. მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესება მთავრობის პრიორიტეტი იქნება. მეზობელმა ქვეყნებმა არ უნდა დახარჯონ თავიანთი ძვირფასი რესურსები დაძაბულობასა და გაჭიანურებულ მეტოქეობაში. ჩემს მთავრობას სურს ძლიერი რეგიონი, სადაც ყველა მეზობელ ქვეყანას შეუძლია ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკური განვითარების, პროგრესისა და მომავალი თაობების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ სინერგიით”, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.