„მასტერქარდის“ ვიცე-პრეზიდენტი - გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში, რომელიც პანდემიამდე დიდი ტემპით ვითარდებოდა
„მასტერქარდის“ ვიცე-პრეზიდენტი - გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში, რომელიც პანდემიამდე დიდი ტემპით ვითარდებოდა

განვიხილეთ ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული გადახდებისა და მონაცემების ანალიზის განვითარების შესაძლებლობები ახალი კორონავირუსისა და პანდემიის დაძლევის საქმეში, – ამის შესახებ „მასტერქარდის“ (MasterCard) ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლა ვილლამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაგვეჭირა მხარი საქართველოს მთავრობის სტრატეგიისადმი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის სტრატეგიისა და პოლიტიკის ნაწილში. ბევრი ვისაუბრეთ ტურიზმის შესახებ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სფეროა. ასევე, ვისაუბრეთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე საერთაშორისო დერეფნებში მონაცემების გატარებისა და ელექტრონული გადახდების განხორციელების ნაწილში. ამით გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში, რომელიც პანდემიამდე დიდი ტემპით ვითარდებოდა“, – აღნიშნა ნიკოლა ვილლამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და „მასტერქარდი“ მჭიდროდ ითანამშრომლებენ და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობაზე.

„ვიცით, რომ პანდემიიდან გამოყვანა სჭირდება დარგს და დასახმარებლად მოვედით. პროგრამაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებული აქცენტებით ტურიზმის სფეროში. სამომავლო ნაბიჯებს რაც შეეხება, ძლიერი თანამშრომლობა გვექნება საქართველოს მთავრობასა და „მასტერქარდს“. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმის სფეროში საჭირო მონაცემებზე, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ნაწილში, რათა არა მხოლოდ არსებული ბაზრები, არამედ ახლებიც იქნას ათვისებული იმ სამინისტროს მიერ, რომელიც ტურიზმის სექტორს კურირებს. საუბარია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზეც და მასთან თანამშრომლობაზე ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი დარგის სამომავლო ზრდისა და განვითარების მიზნით“,- განაცხადა ნიკოლა ვილლამ.