„მასსიმო დუტის“ საქართველოს წარმომადგენლობა - ყალბი პროდუქცია არ ამოუღიათ „მასსიმო დუტის“ ბრენდ-მაღაზიებიდან, შემთხვევა ეხებოდა ლილოში მდებარე ერთ-ერთ საწარმოს
„მასსიმო დუტის“ (Massimo Dutti) საქართველოს წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ უკანონოდ ნიშანდებული საქონელი, ყალბი პროდუქცია არ ამოუღიათ „მასსიმო დუტის“ ბრენდ-მაღაზიებიდან, არამედ საქმე ეხებოდა ლილოში მდებარე ერთ-ერთი საწარმოს.
„დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ თბილისში უკანონოდ ნიშანდებული საქონლის ამოღების შესახებ გამოიწვია მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა.
ამასთან დაკავშირებით, გვსურს, განვაცხადოთ, რომ ყალბი პროდუქციის ამოღება არ მომხდარა Massimo Dutti-ს ბრენდ-მაღაზიებიდან, არამედ შემთხვევა ეხებოდა ერთ-ერთი ინდმეწარმის ლილოში მდებარე საწარმოს, სადაც ხდებოდა ყალბი პროდუქციის კერვა, ეტიკეტირება და რეალიზაცია.
ფაქტის გამოვლენის შემდეგ საქართველოში Massimo Dutti-ს წარმომადგენლობამ თავად მიმართა წერილობით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და სთხოვა რეაგირება, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა მოახდინა ინდმეწარმის მიერ სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტის დადგენა და ყალბი პროდუქციის კონფისკაცია“, – აცხადებს კომპანია.
თბილისში „მასსიმო დუტის“ (Massimo Dutti) პირველი მაღაზია 2012 წელს გაიხსნა. დღესდღეობით დედაქალაქში არსებული სამივე მაღაზია წარმოადგენს ბრენდის ოფიციალურ ფრანჩაიზ ობიექტს და მათ ოპერირებას უწევს Master Retail Georgia, მოდის საცალო ვაჭრობის საერთაშორისო ჯგუფის Alhokair Fashion Retail წევრი.
შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში „მასსიმო დუტის“ (Massimo Dutti) წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, კონტროლის ღონისძიებები განხორციელდა, რის შედეგადაც, 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს.