ადამიანის ჯანმრთელობაზე რადიოტალღების ზემოქმედების პოტენციური ეფექტების სისტემურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოსთან კავშირში არ არის.
მიმოხილვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარდა და ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა.
საუბრისას, მობილური ტელეფონი ხშირად თავთან გვიჭირავს. ისინი რადიოტალღებს გამოყოფენ, არამაიონიზებელი რადიაციის ერთ-ერთ ტიპს. დიდწილად სწორედ ეს ორი ფაქტორია მიზეზი მოსაზრებისა, რომ მობილური ტელეფონები შეიძლება თავის ტვინის კიბოს იწვევდეს.
ასეთი შეშფოთება უკვე დიდი ხანია, არსებობს. მობილური ტელეფონები და უფრო ზოგადად კი უსადენო ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილია. შესაბამისად, მეცნიერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეაფასოს ამ მოწყობილობათა მიერ გამოყოფილი რადიოტალღების ზემოქმედების უსაფრთხოება.
სამეცნიერო კონსენსუსი წლების განმავლობაში არ შეცვლილა და მტკიცეა — არ არსებობს კავშირი მობილურ ტელეფონებსა და თავის ტვინის კიბოს, უფრო ფართოდ კი ჯანმრთელობას შორის.
რადიაცია, როგორც შესაძლო კანცეროგენი
მიუხედავად კონსენსუსისა, პერიოდულად ქვეყნდებოდა კვლევები, რომლებიც ზიანის შესაძლებლობაზე მიუთითებდნენ.
2011 წელს, კიბოს კვლევების საერთაშორისო სააგენტომ (IARC) რადიოტალღების ზემოქმედება ადამიანთათვის შესაძლო კანცეროგენად დააკლასიფიცირა. ამ კლასიფიკაციის მნიშვნელობა დიდწილად არასწორად გაიგეს და გარკვეულწილად გამოიწვია შეშფოთების ზრდა.
IARC-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნაწილია. მის მიერ რადიოტალღების, როგორც შესაძლო კანცეროგენად კლასიფიცირება დიდწილად ეფუძნებოდა ადამიანებზე ჩატარებულ დაკვირვებადი კვლევების მტკიცებულებათა სიმწირეს. ამას ეპიდემიოლოგიურ კვლევებს უწოდებენ და აკვირდებიან დაავადების სიხშირეს და იმას, როგორ შეიძლება იყოს ის გამოწვეული ადამიანებში.
დაკვირვებითი კვლევები მკვლევართათვის საუკეთესო ხელსაწყოა ადამიანებში გრძელვადიანი ეფექტების შესასწავლად, მაგრამ შედეგები ხშირად შეიძლება მიკერძოებული იყოს.
IARC-ის კლასიფიკაცია ეფუძნება წინა დაკვირვებით კვლევებს, რომლებშიც თავის ტვინის კიბოს მქონე ადამიანები იუწყებოდნენ, რომ ისინი იმაზე მეტად იყენებდნენ მობილურ ტელეფონებს, ვიდრე სჭირდებოდათ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ე. წ. INTERPHONE კვლევა.
ადამიანების დაკვირვებითი კვლევების ახალი სისტემური მიმოხილვა ეფუძნება გაცილებით დიდ მონაცემთა ბაზებს, ვიდრე IARC-ის 2011 წლის კვლევა.
მათ შორის არის უფრო ახალი და უფრო ყოვლისმომცველი კვლევები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა შეგვიძლია უფრო დარწმუნებული ვიყოთ, რომ მობილური ტელეფონების ან სხვა უსადენო ტექნოლოგიების რადიოტალღების ზემოქმედება არ არის დაკავშირებული თავის ტვინის კიბოს რისკის ზრდასთან.
კავშირი არ არსებობს
ახალი მიმოხილვა მიეკუთვნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებულ სისტემურ მიმოხილვათა სერიას, რომელთა მიზანიც იყო რაც შეიძლება ახლოს შეესწავლათ რადიოტალღების ზემოქმედების შესაძლო ეფექტები ჯანმრთელობაზე.
ეს სისტემური მიმოხილვა გვთავაზობს ამ დროისათვის უძლიერეს მტკიცებულებას იმისა, რომ უსადენო ტექნოლოგიების რადიოტალღები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
ის ამ სფეროში ყველაზე ყოვლისმომცველი მიმოხილვაა, რადგან მოიცვა 5000-ზე მეტი კვლევა, რომელთაგან ფინალურ ანალიზებში შევიდა 1994-2022 წლებში გამოქვეყნებული 63 კვლევა. მთავარი მიზეზი, რის გამოც დანარჩენი კვლევებიც გამორიცხეს, იყო ის, რომ ისინი სინამდვილეში რელევანტური არ იყო; ეს საკმაოდ ნორმალურია სისტემური მიმოხილვებისთვის.
ვერ მიაგნეს კავშირს მობილური ტელეფონების გამოყენებასა და თავის ტვინის კიბოს ან თავისა და კისრის სხვა კიბოებს შორის.
კიბოსთან კავშირი არ გამოიკვეთა მაშინაც, თუ პირი მობილურს ათ წელს და მეტი იყენებს. ასევე არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენად ხშირად იყენებენ მას, როგორც ზარების რაოდენობის, ისე ტელეფონთან გატარებული დროის მიხედვით.
მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგები ეთანხმება წინა კვლევებისას. აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასულ რამდენიმე ათწლეულში უსადენო ტექნოლოგიების გამოყენება მასიურად გაიზარდა, არ ყოფილა თავის ტვინის კიბოს შემთხვევების ზრდა.
კარგი ამბავი
საერთო ჯამში, შედეგები ძალიან დამამშვიდებელია. მობილური ტელეფონები მცირე ოდენობის რადიოტალღებს გამოყოფს, რომლებიც უსაფრთხოების ლიმიტებს ქვემოთაა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ ზემოქმედებას გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ კვლევები გაგრძელდეს. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. ამ განვითარებას თან ახლავს რადიოტალღების გამოყენება სხვადასხვა გზითა და სხვადასხვა სიხშირეში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მეცნიერება ყოველთვის დარწმუნებული იყოს ამ ტექნოლოგიათა რადიოტალღების ზემოქმედების უსაფრთხოებაში.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.