დედაქალაქის მასშტაბით საზაფხულო ბაღები იმუშავებს, ელექტრონული რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მასშტაბით საზაფხულო ბაღები იმუშავებს.
მისივე თქმით, აღსაზრდელთა მშობლებს შვილების დარეგისტრირება 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.
„პანდემიის პერიოდში საზაფხულო ბაღები გაუქმებული იყო იმ გამოწვევებიდან, პრობლემებიდან გამომდინარე, რაც მაშინ არსებობდა. წელს, ივლისის თვეში მუნიციპალური ბაღების 17 000-მდე აღსაზრდელს 45 საბავშვო ბაღი მოემსახურება. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ გავითვალისწინეთ ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მოთხოვნა, ვინაიდან ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს, ივლისის თვეში შვებულება აიღოს, გავიდეს ქალაქიდან და მათ უწევთ მუშაობა. რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდით დავუდგებით. მივიღეთ გადაწყვეტილება, საზაფხულო ბაღები გაგვეკეთებინა. საზაფხულო საბავშვო ბაღები შერჩეულია ტერიტორიული პრინციპით, ისე, რომ ქალაქის მასშტაბით მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი. საზაფხულო ბაღების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისიდან და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე kids.org.ge“, – განაცხადა კახა კალაძემ.