საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა სვანეთში, ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, ხალდეს მთაში ერთი ფრანგი და სამი გერმანელი ტურისტი ითხოვდა დახმარებას. მაშველთა ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. სოფელ ხალდეს მახლობლად მთაში ასული ტურისტები ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ქონდა დაზიანებული.
ფრანგ ტურისტს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, დანარჩენი ტურისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს და თავს კარგად გრძნობენ.