მაშველებმა სოფელ ჯუთადან დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში, სოფელ ჯუთას მიმდებარედ, იყო დაშავებული ტურისტი, რომელიც მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.
დაშავებულების დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დუშეთის სამაშველო ჯგუფის მაშველები, რომლებსაც რთული რელიეფის გამო, მთელი ღამის განმავლობაში ქვეითად გადაადგილება მოუწიათ.
ჯუთაში ჩასულ მაშველებს შემთხვევის ადგილზე დახვდათ რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ოთხკაციანი ტურისტული ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთ ქალბატონს ტრავმა ჰქონდა მიღებული.
მაშველებმა შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე შეაფასეს არსებული სიტუაცია და რთული რელიეფის გამო, დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს.
ყაზბეგის მიმართულებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი“,- აღნიშნულია უწყები სინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მაშველებმა ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.