შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სათაფლიაში, ტყეში გზააბნეული ექვსი ტურისტი, მათ შორის ორი მოზარდი და თურქეთის ერთი მოქალაქე, შეტყობინების მიღებიდან 35 წუთში იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
„საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართულნი იყვნენ წყალტუბოს პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.
როგორც ტურისტებმა განაცხადეს, ისინი სათაფლიის მღვიმის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ, შემდეგ კი, ტყეში შევიდნენ და იქიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მათ ამის შესახებ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს – „112“-ს აცნობეს, რის შემდეგაც მათი მოძიება უმოკლეს დროში მოხდა.
ექვსივე ტურისტი თავს კარგად გრძნობს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.