მაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი - ნორვეგიის შვიდი და საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი – ნორვეგიის შვიდი და საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ონში, სოფელ გლოლასთან, ქვის მასისა და ხეების ჩამოშლის შედეგად,
გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც უცხოელი ტურისტების ჯგუფი გზის მეორე მხარეს ჩარჩა და გადაადგილების გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს მაშველები.
რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, მაშველებმა ნორვეგიის შვიდი და საქართველოს ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მეორე მხარეს ამ დრომდე, საკუთარი სურვილით, მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ორი პიროვნება და ორი ავტომანქანა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ ემუქრება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდება. გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.